რეგისტრაცია ცენტრის ვებგვერდზე 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 4 მარტს დაიწყო.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

რეგისტრაცია ცენტრის ვებგვერდზე 10:00 საათზე დაიწყება და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, ნინო წერეთელმა განაცხადა, რომ აუცილებელია რეგისტრაციის მსურველებმა გაითვალისწინონ ამ პროცესისათვის დადგენილი ვადები და პროცედურები, რათა წლევანდელ გამოცდებში მონაწილეობა შეძლონ. ასეთი შესაძლებლობა აქვთ აბიტურიენტებს, სტუდენტებს, რომლებსაც მაგისტრატურაში ჩაბარება სურ, ასევე იმ სტუდენტებს, ვისაც გრანტის გაუმჯობესება სურთ.

მასწავლებლობის მსურველ პირთათვის გამოცდის თარიღს ცენტრი მოგვიანებით გამოაცხადებს.

საგამოცდო ცენტრები გაიხსნება თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

წინა წლების მსგავსად, რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე - გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.

თუმცა, საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეუძლიათ.

რეგისტრაციამდე აბიტურიენტი უნდა გაეცნოს ელექტრონულ კრებულს „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“, რომელიც ცენტრის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. აქ წარმოდგენილია გამოცდებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია: სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი თემები.

ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა ფასიანია: ერთი გამოცდის საფასური 10 ლარს შეადგენს.

იმისათვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება. 2020 წლიდან გაუქმებულ „ზოგადი უნარების“ საგანს აბიტურიენტები ჩააბარებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას ესა თუ ის უნივერსიტეტი მოითხოვს.